ცნობილი ძველი ბერძენი ფილოსოფოსი დიოგენე დაიბადა ქალაქ სინოპში ჩვენს წელთაღრიცხვამდე 412 წელს ფულის (დღევანდელი “ვალუტის” გადამცვლელისა და მევახშის, ჰიკესის ოჯახში და გარდაიცვალა კორინთეში ქ.შ.-მდე 323-ში. დიოგენეს შესახებ დღევანდლამდე ყვებიან უამრავ მოუგონარ თუ მოგონილ ამბავს, ანეკდოტსა და ლეგენდას. ახალგაზრდობაში, დელფოსში ყოფნისას, ადგილობრივი პითიასთვის დასმულ შეკითხვაზე – “მომავალში რა ხელობას მივყო ხელი” მან პასუხად მიიღო: “გადააფასე ფასეულობები”. ამ, თავდაპირველად ბუნდოვანი სიტყვების გასაგებად ახალგაზრდამ გარკვეული ხანი მშობლიურ ქალაქში დაჰყო, ბოლოს კი, ათენში გადასახლების შემდეგ, შეუერთდა ადგილობრივი ფილოსოფოსის, ანტისფენეს კინიკოსთა, იგივე ცინიკოსთა სკოლას.
ფასეულობათა გადაფასების პროცესში დიოგენე ათენის აგორის სიახლოვეს, პითოსში დასახლდა. “პითოსი” ჩვენებური ჭურის თუ ქვევრის მგვანი განიერყელიანი ჭურჭელია, ძველი ბერძნები მათში ღვინოს, ზეთს, მარცვლეულს ინახავდნენ და ქართველების წინაპრების დარადვე მიწაში მარხავდნენ. გადმოცემის თანახმად, ადგილობრივმა ათენელმა “ხულიგნებმა” დიოგენეს საცხოვრისი ქვით დაუმსხვრიეს, თუმცა კი ქალაქმა მას ახალი პითოსი მიართვა. მომავალში, ევროპულმა ზეპირსიტყვიერმა ტრადიციამ ამ მოაზროვნეს საცხოვრისად ხის კასრი „გაუმწესა”, თუმცა ანტიკურ ხანაში ხის კასრები კაცობრიობას ჯერ არ გამოუგონია, შუა საუკუნეებში მცხოვრებმა ევროპელებმა კი ქვევრების არსებობის ამბავი დაივიწყეს…
დიოგენე ხშირად ეკამათებოდა თავის თანამედროვე ფილოსოფოსებს, რომელთა შორის ყველაზე ცნობილი პლატონი იყო. მას შემდეგ, რაც პლატონმა გამოთქვა მოსაზრება, თითქოს “ადამიანი არის ორფეხა ცხოველი, რომელსაც ბუმბული არ აქვს”, დიოგენემ გაპუტა მამალი და გაუგზავნა ცნობილ ფილოსოფოსს, თან შეუთვალა – აგერაა პლატონისეული ადამიანიო. არც პლატონი აკლებდა დიოგენეს და მეტსახელად “ჭკუიდან გადასულ სოკრატეს” ეძახდა. დიოგენე შემდეგი სიტყვებით ეპაექრებოდა ნივთებისა და მოვლენების არსის პლატონისეულ მოსაზრებას: “თასს ვხედავ, თასობას კი ვერაო”…
თანამოქალაქეების გასაღიზიანებლად დიოგენე საჭმელს ქუჩაშივე მიირთმევდა, რაც იმხანად სრულებით მიუღებელი იყო (სხვა, გაცილებით უფრო ასოციალურ ქმედებებზე რომ არაფერი ვთქვათ). ერთ მშვენიერ დღეს მან მოედანზე საჯარო ლექციის კითხვა დაიწყო ფილოსოფიურ თემაზე, თუმცა კი მას ყური არავინ მიაგო. განაწყენებულმა ფილოსოფოსმა ჩიტის ხმაზე დაიწყო ჭყივილი და მის გარშემო უმალვე უამრავი ბუზიყლაპია შემოიკრიბა; დიოგენემ შეკრებილებს დიაგნოზი მაშინვე დაუსვა: “ათენელებო, ესაა თქვენი ჭკუის ფასი! სანამ ჭკვიანურ აზრებს გიზიარებდით, ყურადღება არავინ მომაქცია, უაზრო ფრინველივით აჭყივლების შემდეგ კი აგერ, ბუზებივით შემომესიეთო!” ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად დიოგენე დღისით ქუჩაში ანთებული ლამპრით დადიოდა და ამ საქციელს იმით ხსნიდა, რომ საღად მოაზროვნე ადამიანს დაეძებდა”… მეკობრეთაგან დატყვევების შემდეგ მოაზროვნე მონად იქნა გაყიდული. ცხოვრების ამ პერიოდში იგი თავისი მფლობელის შვილებს აღმზრდელად დაუდგა. დიოგენეს მიმდევრებმა გამოთქვეს სურვილი იგი მონობიდან გამოესყიდათ, მაგრამ ფილოსოფოსმა უარით უპასუხა: “მე აქაც ჩემი ბატონის ბატონი ვარო”.
დიოგენე პირველი იყო, ვინც თავი “მსოფლიოს მოქალაქედ” გამოაცხადა, უარყოფდა სახელმწიფო საზღვრებს, მორალის ნორმების ფარდობითობას ქადაგებდა და ეწინააღმდეგებოდა ყოველნაირ ავტორიტეტს . ერთ-ერთი ცნობით ის იმავე დღეს გარდაიცვალა, რაც ალექსანდრე მაკედონელი. ამ უკანასკნელთან პირადი შეხვედრის დროს კი ფილოსოფოსმა იმპერატორს სთხოვა: “ოდნავ გვერდზე დადექი, მზეს ნუ მიფარებო”.
დიოგენესეული ასკეტიზმის არსი მარტივად გამოითქმის – ჭეშმარიტი ბედნიერება თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაში მდგომარეობს. ჰოდა, ამ კორონავირუსის პანდემიის პირობებში საკუთარ ვიწრო კასრებში თუ ჭურებში გამოკეტილებს ისღა დაგვრჩენია ამ დიდი ფილოსოფოსის მცნებებს მივყვეთ და კინოხელოვნების ხერხებით გამოვხატოთ ჩვენი დამოუკიდებლობა და შინაგანი თავისუფლება!