აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში (1912)
ფილმის გადაღების ინიციატივა ეკუთვნოდათ პედაგოგ სამსონ დათეშიძეს და ჟურნალისტ ლადო ბზვანელს. მათ ამ ინიციატივით ტიხონ ასათიანს, რომელიც ქუთაისის კინოთეატრის ერთ-ერთი მფლობელი იყო, 1912 წლის ივლისში მიმართეს, მოგზაურობის დაწყებიდან რამდენიმე დღით ადრე. ასათიანმა გამომიძახა და მკითხა – ვიკისრებ თუ არა ასეთ საპასუხისმგებლო საქმის ხელის მოკიდებას. მე სიხარულით დავთანხმდი, გავიფიქრე: „რა ბედნიერება მეწვია ჩვენს საქართველოში გადავიღებ ისეთ სურათს, სადაც ჩვენი დიდი მგოსანი იქნება აღბეჭდილი“, – წერს ვასილ ამაშუკელი, რომელიც იმ დროისათვის ტიხონ ასათიანთან მუშაობდა.
ვასილ ამაშუკელი იყო ამ ნამუშევრის რეჟისორიც, ოპერატორიცა და მემონტაჟეც. მან აკაკის მოგზაურობის გადაღებისას 1600 მეტრამდე კინოფირი დახარჯა. მოგზაურობის შემდეგ მან ფირი სოფიო ივანიცკაიას ლაბორატორიაში ჩააბარა გასამჟღავნებლად. ეს პროცედურა შეასრულა ივანიცკაიას თანამშრომელმა ალექსანდრე დიღმელოვმა მალე ამაშუკელს გადაუგზავნეს გამჟღავნებული კინომასალა. მონტაჟის შემდეგ კინოფირი 1600-დან 1200 მეტრი დარჩა.