Categories
ახალი ამბები

რა აქვთ საერთო ფილოსოფოს დიოგენესა და “დიოგენე 2021”-ს?

ქართულში იდიომატური გამოთქმა “ჭურში ზის” სემანტიკურად უცოდინრობის, იგივე “ბალზე ჯდომის” უკიდურეს ფორმად აღიქმება. ამ გარემოების ახსნა კი რამდენიმე გზითაა შესაძლებელი. ერთის მხრივ, ჩვენი შორეული წინაპრებისათვის “ჭური”, იგივე ქვევრი – ქტონური სამყაროს, ანუ ჩვენებური “ქვემო სკნელის” ერთ-ერთ ფუნდამენტურ, არქეტიპულ საგანს წარმოადგენდა, მასში აღმოჩენილი არსება კი მოწყვეტილი იყო ამქვეყნიურ მოვლენებს, რაც მის უცოდინრობას განაპირობებდა. ამას მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური თუ ისტორიული ნიმუშებიც ადასტურებენ –  ჩვენი შორეული წინაპრები დამნაშავეებს სწორედ რომ ჭურის ფორმის მქონე დილეგებში მიწის ზედაპირის ქვეშ ამწყვდევდნენ და ამით მათ როგორც ამქვეყნიური მოვლენებისგან, ისე სხვა სახის ინფორმაციისგან განარიდებდნენ. 

მეორეს მხრივ, სიტყვა “ჭურის” მეგრულ წარმომავლობას თუ განვიხილავთ, საშოში მჯდომი, ჯერაც არგაჩენილი ჩვილი ასევე შორს დგას ჩვენი სამყაროს აქტუალური მოვლენებისგან, მისი ცოდნა თუ მის ხელთ არსებული ინფორმაცია კი არაამქვეყნიურია. მაგრამ ეს, ჯერაც პრენატალურ მდგომარეობაში მყოფი არსება უკვე ცოცხალია და უკიდურესად აქტიურად ზემოქმედებს მისთვის უხილავ და ჯერაც უცნობ სამყაროზე – დედამიწაზე უკლებლივ ყველა კულტურაში საზოგადოების მთავარ საზრუნავს ხომ მომავალი თაობის დაცვა და ფეხზე დაყენება წარმოადგენდა, ამის განხორციელება კი ორსული ქალების – მომავალი დედების გარეშე, რასაკვირველია, შეუძლებელი იქნებოდა. 

დიდმა ბერძენმა ფილოსოფოსმა დიოგენემ ცხოვრების დიდი ნაწილი სწორედ რომ ჭურში გაატარა, და ეს მისი ნებაყოფლობითი არჩევანი გახლდათ. მართალია, ძველი ბერძნები ჩვენებურ ჭურებს “პითოსებს” ეძახდნენ და მათ ქართული ქვევრებისაგან განსხვავებული ფორმასაც კი ანიჭებდნენ, მაგრამ არც ჭური, და არც “ჭურში ჯდომის” სემანტიკა საზოგადოების ეპატირებით დაკავებული დიოგენესათვის უცხო არ უნდა ყოფილიყო. იგი ხომ შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ სინოპში დაიბადა, ეს ადგილები კი აქვე, მეზობლად განლაგებულ ლაზეთს ემიჯნებოდა (არაა გამორიცხული, რომ იმხანად ლაზეთის შემადგენლობაშიც კი შედიოდა). ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-5 საუკუნეში მცხოვრები ლაზების წინაპართათვის კი სიტყვა “ჭურის” “ჭურტისგან” წარმომავლობა ისეთივე ნათელი უნდა ყოფილიყო, როგორც 21-ე საუკუნეში მცხოვრები, საკითხში ჩახედული მეგრულის მცოდნეთათვის. ზემოთ მოყვანილ მოსაზრებებს ისიც უნდა დაემატოს, რომ ხსენებულ ეპოქაში ადამიანები ეთნიკურ წარმომავლობას ყურადღებას არ აქცევდნენ და მცირე აზიაში მცხოვრებ პრაქტიკულად მთელ ბერძნულენოვან მოსახლეობას ბერძნებად მოიხსენიებდნენ. ამ ტექსტის მარჯვნივ სურათზე მოყვანილი ჭურჭელიც ამას მოწმობს – ეს ისტორიული ქვევრი გადაღებულია არა კახეთის რომელიმე სოფელში, არამედ დიოგენეს მშობლიურ ქალაქ სინოპში.

ლეგენდის თანახმად, ახალგაზრდობაში, ქალაქ დელფოსში ჩასულმა დიოგენემ ადგილობრივი პითიასთვის დასმულ შეკითხვაზე – “რა ხელობას მივყო მომავალში ხელი” პასუხად მიიღო: “გადააფასე ფასეულობები”. ამ, თავდაპირველად ბუნდოვანი სიტყვებით გაკვირვებული ახალგაზრდა რაღაც ხნის შემდეგ ათენში გადასახლდა, აქ ადგილობრივი ფილოსოფოსის, ანტისფენეს კინიკოსთა, იგივე ცინიკოსთა სკოლას შეუერთდა და თავისი ახალი პოზიციის დასაფიქსირებლად პითოსში, იგივე ჭურში დასახლდა.

გასაკვირი არაა, რომ ათენის რიგითი მაცხოვრებლები ფილოსოფოსს დასცინოდნენ, გიჟად რაცხავდნენ; თქმულების თანახმად ადგილობრივმა ხულიგნებმა მას თიხის საცხოვრისი ჩაუმსხვრიეს კიდევაც. O sancta simplicitas! (ო-ო, წმინდა გულუბრყვილებავ!) – მიმართა მსგავს ვითარებაში, ამ მოვლენებიდან 18 საუკუნით გვიან სხვა მოაზროვნემ, ინკვიზიციის მიერ კოცონზე დასაწვავად აყვანილმა ჩეხმა იან ჰუსმა მოხუც ქალს, რომელმაც თავისი წილი ფიჩხი მიიტანა მის აუტოდაფეზე.

ათენის მოქალაქენი არ უწყოდნენ, რომ პითოსის დამტვრევით ვერანაირად ვერ შეარყევდნენ ვერც დიოგენეს მრწამსს, და ვერც მის ღვთაებრივ განწესებას. საკუთარი ნებით ქტონურ ქვევრში დამკვიდრებული ფილოსოფოსი არა მხოლოდ განერიდებოდა გარეშე სამყაროს და მის პროფანულ ცოდნას, არამედ “ჭურთან” სემანტიკურად დაკავშირებულ “ჭურტში” დასახლებით მოასწავებდა თავის მომავალ მოვლინებას “შუა სკნელის”, ჭეშმარიტების, იგივე “სოფიის” სამყაროში. მეორეს მხრივ, დედის საშოში მყოფი ჩვილი სამოთხისებურ გარემოში ნებივრობს, დაბადების შემდეგ კი იგი ამქვეყნიურ ჯოჯოხეთში უნდა დამკვიდრდეს. ამ მოსაზრების გათვალისწინებით გასაკვირი არაა, რომ დიოგენე არ ჩქარობდა თავისი პითოსის მიტოვებას და მის ჩანაცვლებას ყველა სხვა ადამიანისთვის ჩვეულად ქცეული სახლით.

ჩვენი ფესტივალი “სახელობითია” და იგი მიბმულია არა მხოლოდ თბილისთან, არამედ სინოპში დაბადებულ ფილოსოფოს დიოგენესთან, ვიზუალურად კი მის სიმბოლოდ ქვევრიდან ამომავალი კინოფირი იქცა, რომელიც ამავე დროს კიბედაც შეიძლება აღიქვას. ყოველივე ზემოთ ხსენებულის გათვალისწინებით ფესტივალის კონცეფცია და ფილმების შერჩევა-შეფასების კრიტერიუმი დიოგენესადმი პითიას მიმართვისეულად შეიძლება ჩამოყალიბდეს:

1)“გადააფასე ფასეულობები”,

2)“განერიდე სამყაროს, მაგრამ დამკვიდრდი არა ჯოჯოხეთში, არამედ სამოთხეში”,

3) “შეამზადე სამყარო ახალი, მისთვის ჯერაც არნახული სასწაულების აღსაქმელად”.