ქრისტინე (1916)
„ქრისტინე“ — პირველი ქართული მხატვრული ფილმი. გადაღებულია 1916-18 წლებში ეგნატე ნინოშვილის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით. ფილმის სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორია ალექსანდრე წუწუნავა.
ფილმი გლეხი ქალის ბედუკუღმართ ცხოვრებას ასახავს. ღარიბი გლეხის ქალიშვილ ქრისტინეს გარყვნილი აზნაური უქმაძე დააორსულებს და შემდეგ მიატოვებს. ყველასგან მოძულებული ქრისტინე შვილს მშობლებთან ტოვებს და თბილისში მიჰყვება ნაცნობ ქალს, რომელიც საროსკიპოში მიიყვანს. მრავალი წლის შემდეგ ქრისტინე დასნეულდება, დასახიჩრდება, გალოთდება და მათხოვრობით ირჩენს თავს. საბოლოოდ ქალი სრულიად უპატრონოდ, საავადმყოფოში გარდაიცვლება.