განათლებისა და კულტურის კომისია – თბილისის საკრებულო
კახა ლაბუჩიძემ თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალის „დიოგენე 2021“ გამარჯვებულს პრიზი გადასცა
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ, თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების II საერთაშორისო ინტერნეტ-ფესტივალის „დიოგენე 2021“ გამარჯვებულს, ირანელ რეჟისორს კიომას მოჰამედ ჩენარს, თბილისის მუნიციპალიტეტის სახელით პრიზი გადასცა. კახა ლაბუჩიძის განცხადებით, პანდემიამ შექმნა ახალი რეალობა და მნიშვნელოვანია, რომ ამ ვითარებაშიც მაქსიმალურად შევუნარჩუნოთ ქვეყანას კულტურის განვითარების დინამიკა. სწორედ ამიტომ, მსგავსი შემოქმედებითი ფესტივალებისა და პროექტების მხარდამჭერი მუდმივად იქნება თბილისის საკრებულო და მერია.
კინოფესტივალი „დიოგენე“, რომლის იდეის ავტორებიც რეჟისორი კობა ცხაკაია და დრამატურგი სოსო მჭედლიშვილია, პანდემიის პერიოდში დაარსდა სლოგანით „დარჩი სახლში, ‒ გადაიღე ფილმი“. ფესტივალი საერთაშორისოა და მასში ყოველწლიურად 100-ზე მეტი ქვეყნის ცნობილი თუ დებიუტანტი რეჟისორი მონაწილეობს. წელს, კონკურსში 1200-მდე განაცხადი შემოვიდა, საიდანაც ფინალისთვის 27 მხატვრული ფილმი შეირჩა. ფესტივალის მთავარი პრიზი წელს ოთხ ფილმს გადაეცა, ხოლო ხუთმა წამახალისებელი დიპლომი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ფარგლებში დაწესდა სპეციალური პრიზი სახელწოდებით „სერენადა“, რომელიც მიეძღვნა ხოტივარების კინემატოგრაფიული ოჯახის ხსოვნას.
ფესტივალის პარტნიორია თბილისის მერია, საქართველოს კინოაკადემია, კულტურის პალატა და საზოგადოებრივი მაუწყებელი.