სურამის ციხე (1922)
სურამის ციხე — 1922 წლის ქართული საბჭოთა ფილმი, გადაღებული ივანე პერესტიანის მიერ. „სურამის ციხე“ იყო ლიტერატურულ ნაწარმოებზე დაფუძნებული პირველი ქართული საბჭოთა ფილმი. გადაღებულია დანიელ ჭონქაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით. „სურამის ციხეში“ რეჟისორმა ამო ბეკ-ნაზაროვმა უკანასკნელად ითამაშა, როგორც მსახიობმა.
ყმა დურმიშხანი, რომელსაც მხევალი ვარდუა უყვარს, ყმობისაგან თავის დასახსნელი და ვარდუაზე დასაქორწინებელი ფულის საშოვნელად ვაჭრობით გამდიდრებულ ოსმან–აღას დაუდგება ნოქრად. საქმეში გაუმართლებს, მდიდარ ქალსაც შეირთავს და მისი ლოდინით განაწამებ ვარდუას დაივიწყებს. წლების შემდეგ, ცნობილ მკითხავად ქცეული ვარდუა მოღალატე შეყვარებულზე შურს იძიებს. მისი რჩევით სურამის ციხის კედლის გასამაგრებლად მშენებლები მასში დურმიშხანის ერთადერთ ვაჟს, ზურაბს ცოცხლად ჩაატანენ. გამწარებული დურმიშხანი მკითხავში ვარდუას იცნობს. ქალი დურმიშხანს ხანჯლით განგმირავს და თვითონაც თავს მოიკლავს.